ARCHIVE

POPULAR

ინვესტიცია NASDAQ-სა და NYSE-ზე განთავსებულ საჯარო კომპანიების აქციებში ანუ გამდიდრების ისტორიული შანსი საქართველოს მოქალაქეებისთვის

 

შესაძლოა, სათაური ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ასე მგონია, რომ 2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს გამდიდრების ისტორიული შანსი. ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის სიღარიბის მთავარ მიზეზად 21-ე საუკუნეში მიმაჩნია წვდომის უქონლობა ფინანსურ ინსტრუმენტებთან, რომელთა საშუალებით ადამიანს შეუძლია ფული დააბანდოს მსოფლიოს მოწინავე საჯარო კომპანიებში (Public Companies). მარტივად, რომ ვთქვათ, ვინმე რაჟდენ სეფერთელაძეს, რომელიც ცხოვრობს პირობითად ჩოხატაურში, საქართველოს ბანკის კლიენტია, აქვს იაფფასიანი სმარტფონი და ამ სმარტფონში დაინსტალირებული აქვს საქართველოს ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია, გაუჩნდა შანსი გახდეს ისეთი კომპანიის თანამეწილე, როგორიცაა, მაგალითად, Microsoft Corporation-ი. ეხლა კი შევეცდები მარტივი ქართულით ავხსნა, თუ რატომ არის რაჟდენისთვის ისტორიული შანსი 2021 წლის 6 დეკემბერს მომხდარი მოვლენა.

დავიწყებ პირადი ისტორიით. 24 წლის ასაკში, როდესაც წავიკითხე თეოდორ დრაიზერის "სურვილის ტრილოგია", რომელიც შედგება 3 ნოველისგან: "ფინანსისტი", "ტიტანი", "სტოიკი", სადაც მოთხრობილია მთავარი გმირის ფინანსისტ ფრენკ ალჯერნონ კაუპერვუდის ცხოვრების ისტორია, რომლის პროტოტიპიცაა ჩარლზ ტაისონ იერქსი (Charles Tyson Yerkes) - ამერიკელი ფინანსისტი, რომელმაც თავის მხრივ, დიდი როლი ითამაშა ჩიკაგოსა და ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში... და აი ამ გმირის, კაუპერვუდის წყალობით დავინტერესდი ფინანსებით და მომცა ბიძგი, რომ გავრკვეულიყავი საფონდო ბირჟის არსში, ფინანსურ ინსტრუმენტებში და ა.შ. ვისაც კითხვა არ გიყვართ და ფინანსების თემაზე უფრო თანამედროვე რაიმე სერიალი გაინტერესებთ, გირჩევთ Showtime-ის "მილიარდებს" (Billions), სადაც საკმაოდ ნიჭიერადაა ნაჩვენები თანამედროვე აშშ-ს ფინანსური და პოლიტიკური ცხოვრება. მთელს სერიალს გენერალურ ხაზად დაყვება მილიარდერი რობერტ აქსელროდისა და პროკურორ ჩაკ როადსის დაპირისპირება. სადღაც სხვაგან წავედი... მე ხომ ერთი ჩვეულებრივი აიტიშნიკი ვარ და 2019 წლის იანვარში, როდესაც მე, ჩვეულებრივი აიტიშნიკი, ვუყურებდი CES-2019-ზე (Consumer Electronics Show) AMD-ს CEO-ს დოქტორ ლიზა სუს (სუსი არაფერ შუაშია 😀)  გამოსვლას, რომელიც აღვიქვი Intel-ის ნახევრადგამტარების ბიზნესში ლიდერობის ხანგრძლივი ეპოქის დასრულებად. დავინახე შესაძლებლობა, რომ გამომეყენებინა შანსი და შევმხტარიყავი AMD-ს სწრაფად წინ მიმავალ ფინანსურ ელმავალზე ანუ უნდა მეყიდა AMD-ს აქციები. 2019-წლის იანვრისთვის AMD-ს აქცია 19$-ის ფარგლებში ივაჭრებოდა და ერთადერთი ჩემთვის ცნობილი საშუალება (მადლობა ინფორმაციისთვის ჩემს კოლეგას ხაზინის დეპარტამენტის უფროსს) რომ შემეძინა აქციები, იყო Galt & Taggart - ში საბროკერო ანგარიშის გახსნა (მინიმალური დეპოზიტი 1000$ იყო)... რა თქმა უნდა, ეს თანხა ხელთ არ მქონდა... ცნობისათვის დღეს AMD-ს აქციები 150$-ის ფარგლებში ივაჭრება, ანუ 1000$-ის დაბანდებისას დღეს 7000$-ი იქნებოდა.

ეხლა რა ხდება 2021 წლის 6 დეკემბრიდან, თუ რაჟდენ სეფერთელაძესავით ხარ საქართველოს ბანკის კლიენტი და გაქვს შენს სმარტფონში მობაილ ბანკის აპლიკაცია, პირდაპირ აპლიკაციაშივე არეგისტრირებ საინვესტიციო ანგარიშს (რაც 6 დეკემბერსვე გავაკეთე), შემდეგ მოგდის email-ზე დასტური, რომ ანგარიში შეიქმნა, შეგიძლია საქართველოს ბანკის ანგარიშიდან შეიტანო თანხა (მხოლოდ აშშ დოლარი) საინვესტიციო ანგარიშზე და დაიწყო აქციებში ინვესტირება...

ეხლა ერთი მომენტი. რა განსხვავებაა ინვესტირებას და ბროკერობას კაპიტალის განიავებას შორის. ინვესტორს და ბროკერს შორის გასხვავება არის ვაჭრობის ოპერაციების სიხშირეში. ინვესტორი აწონ/დაწონის დააბანდებს თანხას კომპანიაში (აქციების შეძენით) და 1, 3, 5 ან X წლის შემდეგ დაითვლის ამონაგებს (ძალიან პრიმიტიულად, კომპანიის კვარტალურ ამონაგებს უნდა ადევნო თვალი, მუდამ ამ კომპანიაზე და მის კონკურენტებზე სიახლეებს უნდა ეცნობოდე...). დამოუკიდებელი ბროკერი (ჟღერს დედისერთა ფაშისტივით) სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის საათებში იყიდის/გაყიდის ბევრჯერ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს მანამ, სანამ არ დაუმთავრდება ანგარიშზე თანხა. უფრო მარტივად: ინვესტორი, რომ გეიმერი იყოს, სტრატეგიებს ითამაშებდა ისეთს, როგორიცაა Sid Meier's Civilization და 72 სთ-ს თამაშის (არაგადაბმულად) შემდეგ გახდებოდა ძლიერი იმპერიის მმართველი. დედისერთა ბროკერი რომ გეიმერი იყოს, ითამაშებდა შუტერს და ძალიან მალევე მოკლავდნენ (თამაშში) 😆 მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დაანებეთ ფორექსებს და ათას სისულელეებს თავი. სწრაფად გამდიდრება არ ხდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. როგორც ხე არ იზრდება 24 საათში, ასევე ვერავინ ვერ გამდიდრდება 24 სთ-ში. ვისაც სასწაულების გჯერათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეუფე ნიკოლოზის იუთუბ არხზე 😇.

ეხლა მოვიხმოთ არითმეტიკა. ინვესტირება 1$-დან არ დაიჯეროთ, ეს უნიჭო პიარშიკების უნიჭო ხრიკებია. კარგ პროდუქტს აფუჭებთ პოტენციური მომხმარებლების თვალში ამ პროდუქტის პიარშიკებო! რა გზავნილს აძლევთ ბომჟ-ინვესტორებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პროდუქტი? ატყუებთ? ტყუილზე დაფუძნებული პიარი ხომ უნიჭობაა?! ამ შესანიშნავი პროდუქტის პიარშიკებს ბომჟ-ინვესტორებმა თითი დავუქნიეთ მივაჯვით და შეგვიძლია გავაგრძელოთ: ერთეული ან ათეული დოლარებით ინვესტირებას აზრი არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ საუბარი ე.წ. წილადობრივ აქციებზეა. მოდით დავითვალოთ: 

  • საინვესტიციო ანგარიშის გახსნის, მასზე თანხის შეტანის ან გამოტანის საკომისიო არის 0$ - ეს არის დიდი პლიუსი.
  • ოპერაციის ჩატარება ანუ აქციების ყიდვა/გაყიდვა 0.02% (დოკუმენტში არასწორად უწერიათ 0.02$ - იხილეთ სტატიის ბოლოს PPPS.) მინიმუმ 1$ - რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს, რომ 5000$ და ნაკლები თანხით ოპერაციის ჩატარებისას საკომისიო არის 1$, ხოლო 5000$-ზე მეტ თანხაზე 0.02% (2 მეათიათასედი) ანუ 10000$ ოპერაციის ჩატარებისას საკომისიო 2$ იქნება. აბა ინვესტირება 1$-დანო? ისევ დავუქნიოთ თითი მივაჯვათ პროდუქტის პიარშიკებს!
  • ასევე საინვესტიციო ანგარიშის ყოველთვიური მხარდაჭერის საკომისიო (Account monthly maintenance fee) არის 0.01% (ერთი მეათიათასედი) - მინიმუმ 2$. რაც ნიშნავს, რომ 10000$-დე თანხაზე იქნება ყოველთვიურად 2$, ხოლო 10000$-ზე უფრო მაღალ თანხაზე იქნება 0.01% (ერთი მეათიათასედი). აბა ინვესტირება 1$-დანო? ისევ დავუქნიოთ თითი მივაჯვათ პროდუქტის პიარშიკებს! 
გამოდის, რომ რაჟდენ სეფერთელაძემ 100$-ით NASDAQ: GOOGL -ის წილადი აქციები, რომ შეიძინოს (შარშანდელი აქციების ზრდა Alphabet Inc Class A აქციებს ქონდათ თითქმის 70%)

 და ელოდებოდეს წლის ბოლოსთვის 50%-იან ზრდას ანუ 100$ წლის ბოლოს 150$-ი გახდება (რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია რაჟდენს კი არა, სერგეი ბრინსაც არ აქვს, მაგრამ დავუშვათ) და ამ 150$-დან 24$ (2$ x 12 თვეზე) ყოველთვიური ანგარიშის მხარდაჭერის საკომისიო ექნება გადასახდელი და 1$ Alphabet Inc Class A ფასიანი ქაღალდების ყიდვისას საკომისიოც გადაიხადა. გამოდის, რომ რაჟდენს 100 დოლარის ინვესტირებისას 25$  საკომისიო ექნება გადასახდელი ანუ 125 დოლარი ჩასადები და თუ წლის ბოლოსთვის რაჟდენის პროგნოზი გამართლდა და აქციების ღირებულებამ 50%-ით მოიმატა, მას დარჩება 150$-125$ (წლის ბოლოს დაბანდებულ გაზრდილ თანხას მინუს ინვესტირებული თანხა (100$) და საკომისიოები (25$)). ეს მაგალითი გვეუბნება, რომ რაჟდენის ქონება წლის ბოლოსთვის გაიზარდა (150-125)/125 = 20%-ით. ვხედავთ, რომ ასეული დოლარის თანხების დაბანდებაც საკმაოდ სარისკოა. სადღაც, 300$-დან და უფრო უკეთესი 500$-დან ინვესტირება უკვე ინვესტირებას გავს. პლიუსები ის არის, რომ მყარ ვალუტაში ახდენთ თანხის ინვესტირებას და ამონაგებიც მყარ ვალუტაშია. მოკლედ, ინვესტირება არ არის აბსოლუტური ციფრების შესახებ, არამედ არის პროცენტული მაჩვენებლების შესახებ. მოთმინება და მომავლის ხედვა ეს არის ის, რაც გმართებთ ინვესტირებისას (არითმეტიკაზე აღარ ვსაუბრობ). და დაიმახსოვრეთ, თქვენ აძლევთ კომპანიას კაპიტალს, რომ მან აწარმოოს პროდუქტი/მომსახურება, შექმნას დოვლათი, მიიღოს მოგება და შედეგად თქვენი დაბანდებული თანხა გაიზრდება ღირებულებაში. არსაიდან დოლარები არ ჩნდება (ფედერალური რეზერვის გამოკლებით 😉) ეს უნდა გესმოდეთ. ინვესტირება შეგიძლიათ მხოლოდ Nasdaq-სა და NYSE საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებში. დამერწმუნეთ იქ თითქმის ყველა წამყვანი კომპანიაა, რომლების შესახებ ოდესმე რაიმე გსმენიათ.
წარმატებებს გისურვებთ გამდიდრებაში!

PS. პიარშიკებს კიდევ ტყუილად ვუქნევდით თითებს ვაჯვამდით ბომჟ-ინვესტორები. მათ დასახულ მიზანს მიაღწიეს - ჩვენ დავინტერესდით მათი პროდუქტით (და კიდევ მაინტერესებს აქამდე თუ წაიკითხავენ და იუმორის გრძნობა თუ აქვთ ნიჭიერ პიარშიკებს).

PPS. აქ წესით მადლობებს ვუხდით ყველას, ვინც 2021 წლის 6 დეკემბრის მოვლენის ახდენაში მიიღო მონაწილეობა და თუ გაინტერესებთ სად ინახავს რაჟდენ სეფერთელაძე საკუთარ სენსიტიურ ფაილებს, წაიკითხეთ ამ ბმულზე განთავსებულ ვიდეოს ქვეშ ჩემი კომენტარი😉

PPPS. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მივმართე ოფიციალურ Facebook-გვერდს და აღმოჩნდა, რომ მე ვერ გავიგე სწორად  0.02$-თან დაკავშირებით პროცენტი რომ მეგონა 0.02$-ია მართლაც. საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე მხოლოდ 2 საკომისიოა:

  1. ყიდვა/გაყიდვის საკომისიო - მინიმუმ $1.0  განხორციელებულ ტრანზაქციაზე (ან ყოველ გაყიდულ/ნაყიდ აქციაზე $0.02). თუ თქვენ მიერ შეძენილი/გაყიდული აქციების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, მაშინ ყოველ განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო $1.0-ია, ხოლო თუ თქვენ მიერ შეძენილი/გაყიდული აქციების რაოდენობა აღემატება 50-ს, მაშინ ტრანზაქციის საკომისიო გამოითვლება შემდეგი ფორმულით: აქციების რაოდენობა * $0.02. მაგალითად თუ თქვენ იყიდით 55 ცალ აქციაზე, ამ ტრანქაქციაზე საკომისიო შეადგენს 55*$0.02=$ 1.1.  
  2. ყოველთვიური მომსახურების საკომისიო - მინიმუმ $2.0 თვეში (ან პორტფელის ღირებულების 0.01%). თუ თქვენი პორთფელის ღირებულება ნაკლებია $ 20,000-ზე, მაშინ ყოველთვიური მომსახურების საკომისიო შეადგენს $2.0-ს, ხოლო თუ თქვენ საინვესტიციო ანგარიშზე პორტფელის ღირებულება აღემატება $20,000-ს მაშინ ყოველთვიური საკომისიო გამოითვლება შემდეგი ფორმულით: თქვენი პორტფელის ღირებულება * 0.01%. მაგალითად თუ თქვენი პორტფელის ღირებულება შეადგენს $25,000-ს, თქვენი ყოველთვიური საკომისიო იქნება $25,000*0.01%= $2.5
ასევე გაეცანით ბმულს.

No comments

Post a Comment