ARCHIVE

POPULAR

როგორ გავხდეთ ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი?

 

ცოტა უცნაური სათაურია სტატიისთვის, თუმცა ყველა გვასწავლის თუ როგორ არ უნდა გავხდეთ კიბერდამნაშავის მსხვერპლი და მე მგონია, რომ თუ გვეცოდინება როგორ უნდა გავხდეთ მსხვერპლი, უფრო გაგვიადვილდება თავის დაცვა ინტერნეტში.

წესი #1: თუ გინდათ გახდეთ ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი, ადვილად უნდა გიპოვონ ინტერნეტში და ამიტომ სოც. ქსელებში აუცილებლად მიუთითეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თქვენს შესახებ: ტელეფონის ნომერი, სად მუშაობთ (მუშაობდით), რა პოზიციაზე მუშაობთ, ვისთან იმყოფებით ქორწინებაში, ვინ არიან თქვენი მეგობრები, რა ჰობი გაქვთ... და ეს ყველაფერი გახადეთ საჯარო ანუ არასდროს არც კი შეიხედოთ თქვენი Account-ის პროფილის პარამეტრებში, კერძოდ, Privacy and Security-ში.

წესი #2: მობილური ტელეფონის ძირითადი ნომერი, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული სხვადასხვა მესენჯერებში, სოც. ქსელებში, ფინანსურ ინსტიტუტებში და ა.შ. გქონდეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტ ადგილას.

წესი #3: წინა 2 წესის დაცვისას აუცილებლად ან მოიგებთ ლატარეაში დიდ თანხას და მის ასაღებად მცირე გადარიცხვას მოგთხოვენ საბანკო ანგარიშის "იდენტიფიკაციისთვის", ან მეგობარს სასწრაფოდ დაჭირდება თანხა და ჩარიცხვას გთხოვთ, ან ლაშას მამა გარდაიცვლება და თანხა გაგიხდებათ დასადები, ან სადამდეც ინტერნეტ-თაღლითის ფანტაზია და კვალიფიკაცია გაწვდება, ის ქმედება გექნებათ შესასრულებელი...

მეტი წესი აღარ გვინდა, მოდით ერთ პრაქტიკულ მაგალითს მოგიყვებით ჩემი გამოცდილებიდან. თუ ოდესმე შესულხართ, mymarket.ge-ზე, პირველი რასაც შეხვდებით, შემდეგი Popup ბანერია:



  დამაინტერესა, თუ რით თევზაობენ ინტერნეტ-თაღლითები mymarket-ზე და გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი. განვათავსე განცხადება და განცხადების განთავსებიდან სადღაც 2-3 კვირაში WhatsApp-ში მეწვია კლიენტი ყაზახეთიდან. უფრო სწორად ყაზახეთის ნომრიანი "ბათუმში მცხოვრები" ინტერნეტ-თაღლითი. მოკლედ რომ აღვწერო, დიალოგი მიმდინარეობდა შემდეგნაირად: "გამარჯობათ, მე გაწუხებთ თქვენი განცხადების თაობაზე, ხომ არ გაგიყიდიათ? შეგიძლიათ სხვა ქალაქში გამოაგზავნოთ ჩემი ხარჯებით?" რა თქმა უნდა დავთანხმდი. მცირე ბლა ბლას შემდეგ, შემდეგი ეტაპია, როდესაც თანხა "გადაიხადა" და გვეკითხება ჩაგვერიცხა თუ არა თანხა (სად ჩაგვერიცხა? როგორ ჩაგვირიცხა? 😂) რა თქმა უნდა, არაფერი ჩაგვირიცხა და შესაბამისად ჩვენც ამას ვეუბნებით, რაზეც პასუხად ინტერნეტ-თაღლითი გვიგზავნის ბმულს, ჩემს შემთხვევაში ეს იყო:

https://mymarket.paysq[.dot]online/......... (შეგნებულად არ მომყავს ფიშინგური ბმული)

მოცემულ ბმულში მეორე დონის დომენი არის paysq[.dot]online, რომელსაც აკონტროლებს ინტერნეტ-თაღლითი და რომელზეც მას აქვს განთავსებული ფიშინგური ბმული. ბმულზე გადასვლის შემდეგ ხედავთ:


რა თქმა უნდა ყურადღებიანი თვალი ბევრ გრამატიკულ შეცდომას დაინახავს და ეჭვს შეიტანს ინტერნეტ-თაღლითის სიტყვებში, რომელიც გვთავაზობს დავაჭიროთ ღილაკს "მიიღეთ თანხები"-ს და შევიყვანოთ იმ ბარათის მონაცემები, რომელზეც გვინდა, რომ თანხა ჩაგვერიცხოს (საინტერესოა, აქამდე გვეუბნებოდა, რომ ჩაგვირიცხა თანხა, ეხლა კი ჩვენ უნდა ჩავირიცხოთ 😂). დაიმახსოვრეთ, ყოველთვის, როდესაც თქვენი ბარათის მონაცემები შეგყავთ სადმე, ამ ქმედებით თქვენი ბარათის ანგარიშიდან თანხების გაცემას აავტორიზირებთ. თუ არ ენდობით რესურსს, არ შეიყვანოთ არავითარი ფინანსური ინფორმაცია, გადაამოწმეთ უფრო გამოცდილ ადამიანებთან (იმის გამო მაინც, რომ მერე მათ გამოცდილებას დააბრალოთ😁). მოდით, დავაჭიროთ ღილაკს "მიიღეთ თანხები"-ს და გადავიდეთ საკმაოდ ნიჭიერად გაკეთებულ ონლაინ გადახდის ფორმაზე:


თქვენი ბარათის მონაცემების შევსებისას წარმატებით შეუერთდებით ინტერნეტ-თაღლითებისგან დაზარალებულთა არმიას, რადგან თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები უკვე ინტერნეტ-თაღლითის ხელთ აღმოჩნდება.

მორალი:

"ვერ დაიჭირავ ჩარიცხვას, თუ ვინმემ არ ჩაგირიცხა" - შოთა არარუსთაველი

PS. უფრო თვალნათლივ, რომ დაინახოთ თუ რა მოგივათ ბარათის მონაცემების შეყვანისას, წარმოიდგინეთ ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის მეანაბრის მდგომარეობა შემდეგი 1-წუთიანი ვიდეოდან.


No comments

Post a Comment