ARCHIVE

POPULAR


სტატია განკუთვნილია IT პროფესიონალებისთვის, რომლებიც გადააწყდნენ პრობლემებს Chromium Based ბრაუზერებით TLS 1.0 და 1.1 პროტოკოლებით დაცული ვებსაიტების (ვებსერვერების, ვებაპლიკაციების) მიკითხვისას, მას შემდეგ რაც Chromium-Based ბრაუზერები განახლდა 98 ვერსიაზე.

როგორც მოგეხსენებათ, მათ შორის ჩემი წინა სტატიიდან Microsoft Edge, როგორც ინტერნეტ-ბრაუზერების ზოოპარკის დასასრულის დასაწყისი, Chromium-ი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-ბრაუზერია, რომელსაც როგორც ბაზას იყენებს Google Chrome, Microsoft Edge და სხვები.

Chromium-მა 79 ვერსიაში TLS პროტოკოლის 1.0 და 1.1 ვერსიები განსაზღვრა, როგორც დაუცველი და TLS 1.0 და 1.1-ით დაცული საიტების მიკითხვისას ვხედავდით წარწერას Not Secure.

84 ვერსიაში თუ საიტი არ იყო დაცული TLS 1.2-ით, ასეთი საიტების მიკითხვისას მთელ გვერდზე ჩანდა გაფრთხილება ვებგვერდის დაუცველობის შესახებ, თუმცა ძველი TLS 1.0 და 1.1 ვერსიების პროტოკოლის მხარდაჭერის ჩართვა შესაძლებელი იყო IT ადმინისტრატორების მიერ 97 ვერსიის ჩათვლით.

ყველაფერი შეიცვალა 98 ვერსიაში, რომელშიც პრინციპულად შეუძლებელია TLS 1.0 და 1.1-ით დაცულ საიტებთან კავშირის დამყარება. მაგ: https://tls-v1-0.badssl.com:1010/ ან https://tls-v1-1.badssl.com:1011/

მოგეხსენებათ, ხშირად ორგანიზაციები იყენებენ მემკვიდრეობით მიღებულ ე.წ. legacy-პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელზეც ჩამოკიდებულია სერიოზული ბიზნეს-პროცესები. TLS 1.0 და 1.1-ით დაცულ ვებსაიტებზე მიკითხვა შესაძლებელია ძველი ნაცნობი Internet Explorer-ით, რაც შეიძლება განვიხილოთ დროებით გამოსავლად, რადგან Microsoft-ი აპირებს ამ ბრაუზერის გაქრობას Windows 10/11 ოპერაციულ სისტემებიდან ამა წლის 15 ივნისიდან. ვინერვიულოთ?

არა, არ უნდა ვინერვიულოთ. Microsoft Edge-ს აქვს ჩაშენებული IE Mode, რომლის საშუალებით შეგვიძლია კონკრეტული საიტების სია გავწეროთ ბრაუზერში, რომ ამ საიტზე მიკითხვისას Microsoft Edge-ში გააქტიურდება არა ბრაუზერის ძრავი Blink-ი (Chromium), არამედ ბრაუზერის ძრავი Trident, რომელზეც დაფუძნებულია Internet Explorer-ი. ამ რეჟიმის გააქტიურებისას Microsoft Edge-ს Address Bar-თან გამოჩნდება ნაცნობი Internet Explorer-ის ლოგო:


საიტების სია, რომლებიც უნდა ჩაიტვირთოს IE Mode-ში შესაძლებელია ჩამატებულ იქნეს Edge-ის Address Bar-ში შემდეგ მისამართზე გადასვლით: edge://settings/defaultBrowser და Allow sites to be reloaded in Internet Explorer mode სიაში კონკრეტული URL-ების ჩამატებით.

იმისათვის, რომ ადვილად შეძლოთ Microsoft Edge-ზე გადასვლა, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ Proven tools to accelerate your move to Microsoft Edge ბმულზე გადასვლით.

მადლობა ვის? Microsoft Edge-ს და IE Mode-ს 🙂

და ბოლოს, ტრადიციული სიბრძნე:

ერთი ბრაუზერის პრინციპი ჩვენი ყველაფერია! Ⓒ არალუციუს ანეუს სენეკა