ARCHIVE

POPULAR

 

ზოგიერთები ტყუილად ესხმით თავს ეროვნულ ბანკს, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ფინანსურ მენეჯერს დააბრალო, რატომ გვაქვს წამგებიანი წარმოებაო. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში რატომღაც ლამაზ ტყუილს უპირატესობას ვანიჭებთ, ვიდრე ობიექტურ ჭეშმარიტებას, რაც თავის მხრივ ახალისებს არა სამყაროს გააზრებულად აღქმის უნარს, არამედ ახალისებს ტრაფარეტულ აზროვნებას.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მუხლი 3. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციებში ვკითხულობთ: " 1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა."


ჩემი აზრით, უფრო მართებული იქნებოდა შემდეგი განმარტება: "ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა."


რისი თქმის საშუალებასაც გვაძლევს ეროვნული ბანკის საიტზევე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ "სამომხმარებლო ფასების ინდექსი":

2010 წელთან შედარებით ფასები ლარში საშუალოდ გაზრდილია 50.5 %-ით ანუ 2010 წელს რასაც 100 ლარით ყიდულობდით, 2021 წელს ყველაფერ იგივეს საყიდლად 150,5 ლარი გჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასები ლარში ამ 11 წლის განმავლობაში წლიურად დაახლოებით 3.8%-ით იზრდებოდა.

ასევე ჩემს გამოთქმულ აზრს ამყარებს ისიც, რომ თვითონ ამ ინსტიტუტს აქვს გაცხადებული: საქმეებს ისე წარვმართავთ, რომ ფასები წლიურად 3%-ით გაიზრდებაო (სამწუხაროდ, რთულია ამ ამოცანის შესრულებაც კი და 2019 წლის იანვრიდან ფაქტიური საშუალო წლიური ინფლაცია 5%-ია).

თარგეთირებული წლიური 3% ინფლაცია ნიშნავს, რომ თუ ეროვნული ბანკი დასახულ ინფლაციას უზრუნველყოფს, ფასები გარანტირებულად გაიზრდება:

5 წელიწადში - 15.93%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 5 წელიწადში იგივეს საყიდლად 115,93 ლარი დაგჭირდებათ;

10 წელიწადში - 34.39%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 10 წელიწადში იგივეს საყიდლად 134,39 ლარი დაგჭირდებათ;

15 წელიწადში - 55.80%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 15 წელიწადში იგივეს საყიდლად 155.80 ლარი დაგჭირდებათ;

20 წელიწადში - 80.61%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 20 წელიწადში იგივეს საყიდლად 180,61 ლარი დაგჭირდებათ;

25 წელიწადში - 109.38%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 25 წელიწადში იგივეს საყიდლად 209,38 ლარი დაგჭირდებათ...

ინფლაცია და ფასების ზრდა ეს ხომ ობიექტურად არის ერთი მედლის ორი მხარე და ინფლაციას ვაპროტესტებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი შემოსავლები არ იზრდება ან უმნიშვნელოდ გაზრდილია და თვალნათლად ჩანს ინფლაციის ნეგატიური ეფექტი გამოხატული გაზრდილ ფასებში. ხოლო როცა ჩვენი შემოსავლები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ინფლაციის გამო ფასები, მაშინ ინფლაცია არავის ახსენდება (!!!). ნუთუ არავის გაგჩენიათ კითხვა მაინც, თუ რა საჭიროა ინფლაცია? მის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ? როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ინფლაცია არ არსებობდეს?..

თემას რომ დავუბრუნდეთ, ინფლაცია და შესაბამისად ფასების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალია ყველა ფინანსურ სისტემაში, რომელშიც ცენტრალური ბანკია და ამ ბანკს აქვს ფულის "შექმნის" ექსკლუზიური უფლება. ძვირფასო ეროვნულო ბანკო, დავწეროთ როგორც არის: "ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა ლარის ფულადი მასის სტაბილური ზრდის სახით." ეს იქნება სამართლიანი პოსტულატი და ლარის კურსის სტაბილიზაციას ვეღარავინ მოგთხოვთ.

სამწუხაროდ, ძვირფასო მკითხველო, ფასები გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის გაიზრდება, ხოლო კარგ ეკონომიკურ ზრდას კი მთავრობები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ. ... და დღეს სწორედ ამის მომსწრენი ვართ, ეკონომიკა შემცირდა, ხოლო ლარის ფულადი მასა ჭარბია ამ ზომის ეკონომიკისთვის და ეს განაპირობებს იმას რომ ფასები ჩვენს თვალწინ იზრდება (სინამდვილეში ეს ფასების ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა გამოწვეული). ცენტრალური ბანკების ძირითადი ფუნქცია დე-ფაქტო გამომდინარეობს ფულადი მასის სტაბილურ ზრდაში (იმ გათვლით, რომ ეკონომიკა გაიზრდება), რასაც თარგეთირებულ ინფლაციას ეძახიან...

მოკლედ, იყავით ჯანმრთელები, იზრუნეთ თქვენი შემოსავლების ზრდაზე და იყავით თქვენი ცხოვრების განმკარგავები (ეს, ისე... სადღეგრძელოების მოყვარულთათვის)!

დროდადრო ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! - © უცნობი გადასახადის გადამხდელი, 30 აპრილი, 2021 წ.

PS. მაგალითისთვის, გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი (Bank of England) პირდაპირ წერს საკუთარ საიტზე, რომ "ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ გვქონდეს ინფლაცია (ფასების ზრდა) დაბალი და სტაბილური" (We are responsible for keeping inflation (price rises) low and stable). იქვე საიტზე აქვთ ინფლაციის განმარტებაც და მაგალითიც. ეს პასუხისმგებლიანი მიდგომაა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავალდებულებს Bank of England-ს, რომ ინფლაცია ქონდეს არაუმეტეს 2%-ისა. გამოდის, რომ თუ, პირობითად, გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტრო მოითხოვს Bank of England-ისგან იმხელა ოდენობის სესხს (ფულის შექმნას), რომელიც Bank of England-ის შეფასებებით საფრთხეს შეუქმნის მიზნობრივი ინფლაციის პროცენტულ ნიშნულს (2%), უკანასკნელს არ შეექმნება დისკომფორტი, რომ უარით გაისტუმროს ფინანსთა სამინისტრო ან არ დაუკორექტიროს სესხის ოდენობა და ა.შ. 



 რთულია, არ გამოიყენო ტერმინები და მხოლოდ მარტივი ქართულით გადმოსცე რაც შეიძლება ფართო პუბლიკისთვის, თუ რატომ "ჭედავს ინტერნეტი". თუ მოკლე პასუხი გინდათ - ინტერნეტი არ ჭედავს!

ჭედავს თქვენი სახლის როუტერი და ამას ბევრი მიზეზი აქვს:

მთავარი მიზეზი ის არის, რომ თანხმდებით ინტერნეტ-პროვაიდერის მოწყობილობის დადგმას საკუთარ სახლში. შედეგად ღებულობთ:

იაფფასიან მოწყობილობას, რომელსაც პროვაიდერი ჩინეთში ყიდულობს ტონას 1 პანგოლინის ფასად და პროვაიდერის მიერ კონტროლირებად მოწყობილობას საკუთარ სახლში. მარტივად რომ წარმოიდგინოთ ეს იგივეა, რაც საკუთარი სახლიდან გარე სამყაროში გასასვლელი (რაც ჩვეულებრივ თქვენი ბინის კარია, რომელსაც რამდენიმე საკეტი აქვს და ა.შ.) ინტერნეტ-პროვაიდერის საკეტი (პაროლი) ადევს და თქვენი ციფრული ცხოვრება, მინიმუმ, თქვენი ინტერნეტ-პროვაიდერისთვის ადვილად მიწვდომადია (ტექნიკურად). ამ შემთხვევაში ყოველთვის, როცა წარმოთქვამთ სიტყვებს "ჩემი სახლის WIFI" - ეს სიტყვები რეალობას აცდენილია 🌞 ამასთანავე, თუ ერთდროულად 2 ადამიანი იყენებს ინტენსიურად (ონლაინ კარგი ხარისხით ფილმის ყურება, ვიდეო-შეხვედრები) ამგვარი მოწყობილობის WIFI-ით სარგებლობა გადადის იმაში, რასაც ეძახით "ინტერნეტი ჭედავს" და როცა უმეტესობა დასაქმებულების გადასულია სახლიდან მუშაობაზე "ინტერნეტი ჭედავს" უკვე არა მხოლოდ დასაქმებულების, არამედ დამსაქმებლის პრობლემაც ხდება. ამიტომ ახლოს დაჯექით მოწყობილობასთან ან პირდაპირ კაბელით დაერთდით ამ მოწყობილობაზე. WIFI ქსელი თქვენ არ გაქვთ და თავს ნუ იტყუებთ! ასევე იაფფასიანი როუტერების განუახლებელი პროგრამული უზრუნველყოფაც შესაძლოა მიზეზი იყოს "ინტერნეტის გაჭედვის"...
მარტივი ცდა შეგიძლიათ ჩაატაროთ: ბრაუზერის მისამართის ველში აკრიფეთ 192.168.1.1, 192.168.100.1 ან 192.168.0.1 (თქვენს სახლში არსებული როუტერის მართვის პანელში შესასვლელი მისამართი) და ბრაუზერი მოგთხოვთ მომხმარებლის და პაროლის შეყვანას. რა თქმა უნდა ეს მონაცემები თქვენ არ იცით, იმიტომ რომ მოწყობილობა პროვაიდერისაა. 📞 დაურეკეთ თქვენს პროვაიდერს და თხოვეთ როუტერზე შესასვლელი პაროლი და ნახეთ რას მიიღებთ პასუხად 😎

უარი?.. მაშინ ისღა დაგრჩენიათ დაგუგლოთ "სილქნეტის როუტერის პაროლი" ან "მაგთის როუტერის პაროლი" და თუ CV-ში ინტერნეტის ცოდნა არ გიწერიათ და საძიებო სისტემის მოხმარება თქვენთვის უცხო არაა, დიდი ალბათობით გაგიმართლებთ 🧐

ვისაც გაგიმართლათ, ე.ი. დიდი ალბათობით თქვენი ციფრული ცხოვრების ხელშეუხებლობა გაღელვებთ და ამ მომენტში შეშფოთებას გამოხატავთ: 🤬🤬

გაქვთ 2 გზა:

ეჭიდაოთ ინტერნეტ-პროვაიდერს (ჩემი აზრით უაზრობაა).👎
გამოცვალოთ გარე სამყაროში გასასვლელი საკეტი ანუ შეიძინოთ კარგი WIFI-როუტერი (თუ საკუთარ თავს და დროს აფასებთ). ... და თუ გავიხსენებთ, რომ "ჭედავს ინტერნეტი" დამსაქმებლის პრობლემაცაა, შესაძლოა დამსაქმებელმაც ნაწილობრივ დაგაფინანსოთ. 👍
როგორია კარგი WIFI-როუტერი დღეს? ნუ ჩქარობთ მაღაზიებში გაქცევას, უმეტესწილად იქ იგივე იაფფასიანი ნაგავი "ბლაბლა-link"-ის ბრენდის როუტერები დაგხვდებათ (რადგან კარგ როუტერებზე მოთხოვნა დაბალია). იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს WIFI როუტერის შერჩევა, რამდენიმე ტერმინს და ცოტათი თეორიას მაინც უნდა გავეცნოთ:

როუტერი ჩვეულებრივი გამოთვლითი მანქანაა, როგორც პერსონალური კომპიუტერი (PC-იც შესაძლოა ვამუშავოთ როუტერად), უბრალოდ PC-სგან განსხვავებით ნაკლებად წარმადია და ცოტა ელ. ენერგიას მოიხმარს. თანამედროვე როუტერები ეს არის საკმაოდ მაღალწარმადი SoC-ები (System on Chip), როდესაც ერთ პლატაზე არის ინტეგრირებული ცენტრალური პროცესორი (CPU), ოპერატიული მეხსიერება (RAM), მუდმივი მეხსიერება (Flash Memory), შესაძლოა დამატებით USB 2.0 და USB 3.0 პორტებიც ქონდეს (სახლის ქსელში პრინტერის და საერთო დისკის გაზიარებისთვის) და რა თქმა უნდა, Wireless როუტერს აქვს ასევე WIFI-ჩიპ(ებ)ი და ეს ყველაფერი ერთ პატარა პლატაზე. ეხლა გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს. შესაძლოა ერთი და იგივე მწარმოებლის ერთი და იგივე მოდელს განსხვავებული SoC-ი (შიგთავსი) ქონდეს, თუმცა გარედან კორპუსი ერთნაირია და იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა SoC-ია ჩვენს ლამაზ როუტერში, მას ქვევიდან დააწერა მწარმოებელმა Hardware Version. მაგალითად, მე მაქვს Netgear R6700 V3 სადაც "Netgear" არის ბრენდი, "R6700" არის მოდელი და V3 არის Hardware Version. მოვძებნოთ როუტერი ერთ ძალიან სასარგებლო საიტზე: https://deviwiki.com/wiki/Netgear_R6700_v3 და დავინახავთ, რომ "Broadcom BCM4708C0" SoC-ზეა აწყობილი ჩემი მოწყობილობა. ასევე დავინახავთ ქვევით, რომ იგივე მოდელის V2 ვერსია გარეგნულად აბსოლუტურად იგივენაირად გამოიყურება, მაგრამ უკვე სხვა "MediaTek MT7621AT" SoC-ზეა (https://deviwiki.com/wiki/Netgear_R6700_v2). WI-FI როუტერის ავკარგიანობა მხოლოდ გარე ანტენების რაოდენობით არ განისაზღვრება, შიდა ანტენებიც შესაძლოა ქონდეს SoC-ს. MIMO config-ს დააკვირდით აღნიშნულ საიტზე. მნიშვნელობები: 3x3:3 და 4x4:4 კარგია!

ბევრი კითხვით, რომ არ დაგღალოთ, მე გირჩევთ, რომ შეიძინოთ მინიმუმ WI-FI 5 კლასის როუტერი, ისინია რომლებიც 2014 წლიდანაა ნაწარმოები და ადვილად ამოიცნობთ რადგან სახელწოდებაში იქნება AC1750, AC2300, AC2400, ACxxxx (სადაც xxxx არაბული ციფრებია) ან თუ პარლამენტარის შემოსავალი გაქვთ WI-FI 6 კლასის როუტერები, რომლებიც 2019 წლიდანაა ნაწარმოები (AC-ს მაგივრად AX იქნება და AC-სგან განსხვავებით უფრო მაღალი რიცხვებია). რაც შეეხება ბრენდებს, ჩემი რჩევაა: Netgear, Linksys, Asus. და ამ სამიდან ისევ Netgear-ს გირჩევთ, იმიტომ რომ თვითონ ვხმარობ. დიდ ყურადღებას აქცევენ კიბერუსაფრთხოებას და ხშირ-ხშირად ანახლებენ როუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას, პლიუს მარტივია როუტერის მართვა Netgear Nighthawk აპლიკაციის საშუალებით, აქვს საკმაოდ კარგი Parental Control ფუნქციონალი Netgear Circle და ბევრი სხვა რამ.

თუ როუტერის ყუთზე აწერია MU-MIMO, Beamforming, Dynamic QoS, Wave2 ტექნოლოგიების დასახელებები - ეს კარგია 😉

ეხლა მთავარი! სად ვიყიდოთ? რა თქმა უნდა amazon.com, ebay.com და თუ იგივე მოდელი ნახეთ mymarket.ge-ზე და ფასში დიდი სხვაობა არაა, შეგიძლიათ mymarket-ზეც. მაგალითად, Netgear Nighthawk R6700 v3-ის აშშ-დან ტრანსპორტირების ღირებულება 50 ლარის ფარგლებში იყო.

ვინც კომენტარებში Mesh WI-FI-ს ახსენებს მართალი იქნება, TP-link C2300-იც კარგი როუტერია... თუ რამეს დაამატებთ, ეს მხოლოდ კარგი იქნება!

PS. ეძღვნება დამსაქმებლების IT Support-ის თანამშრომლებს!😁

 © ანდრია ვასაძე - ყველა უფლება დროდადრო დასაცავია

ტრაფიკს შინა ჩახედვები,
თუ მოსულა, რახანმც, რაკი,
ყაზახეთის პრეზიდენტო,
შენ გაგიხმეს... 

(დანარჩენი, როგორც ცნობილ ანეკდოტშია)
© უცნობი სახალხო პოეტი



მათთვის, ვინც საქმის კურსში არაა: ყაზახეთის მთავრობამ 2015 წლის დეკემბრის შემდეგ 3-ჯერ სცადა საკუთარი მოქალაქეების მიყურადებას ინტერნეტში, მათ მოწყობილობებზე საკუთარი Root-სერტიფიკატის დაინსტალირების მეშვეობით.

ამა წლის 6 დეკემბერს ყაზახეთის ინტერნეტ პროვაიდერებმა ყაზახეთის დედაქალაქის ნურ-სულთანის (ასტანა) მოსახლეობას დაუგზავნეს SMS-შეტყობინება ტექსტით:

"2020 წლის 6 დეკემბერს ქალაქ ნურ-სულთანში გაიმართება სწავლება "კიბერუსაფრთხოება ნურ-სულთან 2020". იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ წვდომა ზოგიერთ უცხოურ ინტერნეტ-რესურსზე, გთხოვთ, დააინსტალიროთ თქვენს მოწყობილობაზე უსაფრთხოების სერტიფიკატი. ამისათვის გადადით ბმულზე..."

ორიგინალი მესიჯის ტექსტის სქრინი ამ ბმულზეა.

18 დეკემბერს ბრაუზერების მწარმოებელმა კომპანიებმა Apple, Google, Microsoft, და Mozilla-მ ბანში გაუშვეს ყაზახეთის მთავრობის Root-სერტიფიკატი! რაც მისასალმებელი ფაქტია!

HTTPS (http over ssl) გვაძლევს საშუალებას ინტერნეტ-ტრაფიკი ჩვენს ბრაუზერსა და სერვერს შორის (რომელზეც განთავსებულია საიტი) იყოს დაშიფრული. სხვა სიტყვებით, საიტზე, რომელიც https-ზეა მიწვდომადი (მწვანე ბოქლომი ადევს... ნუ კარგი, წითელი ბოქლომიც...) და სადაც თქვენი მომხმარებელი და პაროლი შეგყავთ, ეს მონაცემები დაშიფრულად მიდის სერვერამდე (რომელზეც განთავსებულია საიტი) და ვერავინ შუა გზაში ვერ გაიგებს ამ პაროლს და სხვა მონაცემებს, რაც იცვლება ბრაუზერს და საიტს (ვებ-სერვერს) შორის. თუ ვებ-სერვერზე დაინსტალირებული სერტიფიკატი მისი (საიტის) მფლობელის კონტროლქვეშაა, ის არის პასუხისმგებელი თქვენს მონაცემებზე (ნაწილობრივ), ხოლო, თუ ვიღაცა, ამ შემთხვევაში ყაზახეთის მთავრობა, იძულებით საკუთარი SSL სერტიფიკატით აიძულებს თქვენს ბრაუზერს ყველა საიტთან კომუნიკაციას, მონაცემებს, რომლებიც იცვლება საიტსა და ბრაუზერს შორის, შუა გზაში (კითხულობს, იწერს, იყენებს...) ყაზახეთის მთავრობა, სანამ მონაცემი ვებ-სერვერამდე ჩააღწევს...

ამგვარ მეთოდს, რომელიც გულისხმობს სერვერსა და ბრაუზერს შორის სხვა სერტიფიკატით ჩანაცვლებას და აძლევს შეტევის განმხორციელებელს დეშიფრაცია გაუკეთოს თქვენი ბრაუზერის კომუნიკაციას ვებ-სერვერთან, ქვია Man in the Middle (MITM) შეტევა. MITM ტექნოლოგია ასევე ლეგალურად გამოიყენება სხვადასხვა უსაფრთხოების და ანტივირუსულ პროდუქტებში, რომლებსაც კორპორაციები საკუთარი თანამშრომლების ინტერნეტ-ტრაფიკის შესაზღუდად (სამართავად) იყენებენ. ზემოთაღნიშნულს კორპორაცია აკეთებს საკუთარი ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოებისთვის, მეტწილად ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ, სხვადასხვა კატეგორიზირებული (კომპანიისთვის საფრთხის შემცველი) ვებსაიტების დასაბლოკად და ა.შ.

PS. ცნობისათვის, ყაზახეთის პრეზიდენტის სახელია - ნურსულთანი და ის მზესთან ასოცირდება...