ARCHIVE

POPULAR

ინფლაციის საიდუმლო


ამ პოსტერს თუ შევხედავთ, დავასკვნით, რომ შევარდნაძის პერიოდი ჯობდა დღევანდელ პერიოდს?

ნუთუ ეს შესაძლებელია? შევარდნაძის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს მეტი ცივილიზაციური მონაპოვარი გვქონდა ვიდრე დღეს გვაქვს? - არა! ან შევარდნაძის პერიოდში უფრო მეტი საშუალება იყო საკუთარი თავის რეალიზებისთვის ვიდრე დღეს? რა თქმა უნდა, არა! მაშ, როგორ შეგვიძლია "შევეკამათოთ" პოსტერზე მოცემულ ინფორმაციას?  

1.3 იყო ლარის პირველი ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 25.09.1995წ.-ს.

ეს იყო 26 წლის წინ. მოდით, ვნახოთ როგორ გაიზარდა ფასების ინდექსი ამ 26 წლის განმავლობაში:

ფასების ინდექსი ინფლაციის შებრუნებული მაჩვენებელია. 1996 წლიდან დღემდე ინფლაციის წლიური საშუალო ტემპი 8.4 %-ია, რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს, რომ ყოველ წელს საშუალოდ 8.4%-ით მეტის გადახდა გიწევს იმავე პროდუქციაში, რასაც წინა წელს ყიდულობდი. ხორცი, რომ ავიღოთ იმ ფასებში დღეს უნდა ღირდეს 32.57 ლარი - 4 ლარის ნაცვლად; ბენზინი 2.69 ლარი - 0.33 ლარის ნაცვლად; პური - 1.63 ლარი 0.2 ლარის ნაცვლად; ყველი 10.58 ლარი 1.3 ლარის მაგივრად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფლაციის გარდა ფასწარმოქმნაზე სხვა პარამეტრებიც მოქმედებს, მაგ. ნავთობის ფასი, პურის მარცვლის მოსავლის რაოდენობა და ა.შ. აღმოვაჩენთ, რომ პური ყოველთვის ღირს იმდენი რამდენიც უნდა ღირდეს, უბრალოდ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყველანი ვიხდით უხილავ გადასახადს, რომელსაც ინფლაცია ქვია. ამ გადასახადის შემქმნელი არის ყველა ფინანსური სისტემა, რომლის სათავეშია ცენტრალური ბანკი და ამ ბანკს აქვს ფულის შექმნის ექსკლუზიური უფლება.

ეს რაც ზედაპირზე ჩანს, მაგრამ ვისაც არ გვიყვარს ზედაპირზე სრიალი და გვსურს გავერკვეთ მოვლენაში რაც შეიძლება სიღრმისეულად, გვესმის, რომ ასევე ფულს ვქმნით: ჩვეულებრივი გადასახადის გადამხდელები და კომპანიები, რომლებიც კომერციულ ბანკში ვიღებთ სესხს. ფაქტიურად, ყოველ ჯერზე, როდესაც მოგინდებათ ახალი ტელეფონის, ტელევიზორის, ავტომობილის და ა.შ. შეძენა სესხით, თქვენ ხდებით ინფლაციური პროცესის თანამონაწილე (დანაშაულის სურნელი დატრიალდა 🤣). სესხის მიმდინარეობის დროს მსესხებელი ქმნის დაახლოებით იმდენივე ფულს, რამდენსაც უხდის პროცენტის სახით გამსესხებელს. ასე, რომ ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები არიან მხოლოდ ინსტრუმენტები და მსესხებლები (მთავრობა, გადასახადის გადამხდელები და კომპანიები) ვართ ინფლაციის რეალური დამკვეთები. ჩემს აპრილის პოსტში დავსვი კითხვები:

"ნუთუ არავის გაგჩენიათ კითხვა მაინც, თუ რა საჭიროა ინფლაცია? მის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ? როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ინფლაცია არ არსებობდეს?"

ბოლო კითხვას რომ გავცეთ პასუხი, გამოდის, რომ თუ არ ავიღებთ პროცენტიან სესხს არც მთავრობა, არც გადასახადის გადამხდელები და არც კომპანიები - არ გვექნება ინფლაცია (სინამდვილეში შესაძლოა გვექნება მაინც ინფლაცია, ოღონდ ამ ინფლაციის შემქმნელი უკვე მხოლოდ ეროვნული ბანკი თუ იქნება და ამ შემთხვევაში უკვე სამართლიანი იქნება ამ ფინანსური ინსტიტუტისკენ თითის გაშვერა. მოიცათ, ეროვნულ ბანკს ხომ კონსტიტუციით მივეცით ფულის (პოტენციურად ინფლაციის) შექმნის ექსკლუზიური უფლება?).

ძვირფასო მკითხველო, აქამდე თუ წაიკითხე, ყოჩაღ თქვენს გამძლეობას, მეც ტვინი მეტკინა 😀. თუმცა, ინფლაციის ცნების გაგება უკიდურესად აუცილებელია ფინანსური განათლებისთვის.

ინფლაცია ცუდია თუ კარგია?

ამ კითხვას სწორად რომ გავცეთ პასუხი, ჯერ უნდა გავცეთ პასუხი სხვა კითხვას: მოგვემატა თუ არა წინა წელთან შედარებით შემოსავალი და იყო თუ არა ეს შემოსავალი მეტი ვიდრე იყო ინფლაცია? მაგ. თუ 2020 წელს გვქონდა შემოსავალი (ხელფასი, გირაო, საბანკო პროცენტი) 1000 ლარი, ხოლო 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაცია 10% იყო და შემოსავალი 2021 წელს დაგვრჩა 1000 ლარი - ინფლაცია ჩვენთვის ძალიან ცუდია. თუ 2021 წელს შემოსავალი გაგვიხდა 1100 ლარი - ინფლაცია მაინც ცუდია, იმიტომ რომ თითქოს 100 ლარით მოგვემატა შემოსავალი, მაგრამ ინფლაციის გამო ეს 1100 ლარი მსყიდველობითი უნარით 2020 წლის დასაწყისის 1000 ლარის ტოლფასია. თუ შემოსავალი 2021 წელს 1100 ლარზე მეტია ინფლაცია ჩვენთვის მაინც ცუდია (მართალია ნაკლებად ვიდრე სხვებისთვის, მაგრამ ცუდია მაინც).

მოკლედ, ინფლაცია უფრო ცუდი მოვლენაა, ვიდრე კარგი, მაგრამ ასეთია თამაშის წესი და ამას ვერ გავექცევით. უკეთესი ვერ მოვიფიქრეთ კაცობრიობამ ან თუ მოვიფიქრეთ უმრავლესობაში ამ უკეთესმა ფინანსური სისტემის მოწყობის აზრმა ჯერ ვერ გაიმარჯვა. ამიტომ ამ სტატიასაც დავასრულებ ეროვნული ბანკის შესახებ ჩემი აპრილის სტატიაში მოყვანილი სიტყვებით:

იყავით ჯანმრთელები, იზრუნეთ თქვენი შემოსავლების ზრდაზე და იყავით თქვენი ცხოვრების განმკარგავები (ეს, ისე... სადღეგრძელოების მოყვარულთათვის)!

დროდადრო ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! - © უცნობი გადასახადის გადამხდელი, 22 ნოემბერი, 2021 წ.


No comments

Post a Comment